კონფლიქტოლოგი, გოგი ხუციშვილი ჟენევის მოლაპარაკებების 22 რაუნდს, მიუხედავად იმისა, რომ დისკუსის მეორე ნაწილი მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა დატოვეს, წარუმატებლად არ მიიჩნევს.
ხუციშვილი სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების ამ ქმედებას, რაღაც „საშინაო დავალებას“ უკავშირებს და აღნიშნავს, რომ არ იცის, ეს უფრო ლოკალურად სოხუმსა და ცხინვალში განვითარდა, თუ მოსკოვიდან მომდინარეობდა.
კონფლიქტოლოგის განცხადებით, აფხაზურ და ოსურ მხარეს საქართველო-რუსეთის დაახლოების ეშინიათ, რადგან მისი თქმით, მიიჩნევენ, რომ ეს მათ პოზიციებს რისკის ქვეშ აყენებთ.
„საერთოდ, ფონი ძალიან გართულებული იყო. არ ვიცი, ლოკალურად სოხუმსა თუ ცხინვალში განვითარდა, თუ ეს მოსკოვიდან მომდინარეობდა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ პერიოდში, სოხუმსა და ცხინვალში გარკვეული შიში განვითარდა იმის გამო, რომ საქართველო რუსეთს შორის, შეიძლება, რაღაც მოლაპარაკებებში პროგრესი მოხდეს. გუნდებმა, რომლებიც სოხუმსა და ცხინვალში სიტუაციას მართავს, საქართველო-რუსეთს შორის, რაღაც პოზიციების დაახლოებით, საკუთარი მისამართით საფრთხე დაინახეს და ამიტომ იქ გაამკაცრეს, როგორც რეჟიმი, ასევე ანტი ქართული განწყობაც გაიზარდა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ჩვენ ეს ეტაპი, როგორმე უნდა გადავიაროთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი დაიძრას.
„როცა საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების პროცესი დასტაბილურდება, გაირკვევა, რაში შესაძლებელია გვქონდეს შეთანხმებული პოზიცია, ეს პროცესი წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ წავა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს სოხუმსა და ცხინვალში არსებულ სიტუაციაზე გავლენას მოახდენს. ამ ფონის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სხვა შედეგის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ თუ შეცდომები არ დავუშვით და ეს პროცესი სწორად, მშვიდად და დიპლომატიურად განვითარდა, მომავალში ჟენევის მოლაპარაკება გადაიქცევა მართლაც, მოლაპარაკებებად და არა საკონსტულტაციო შეხვედრებად, როგორც ახლა არის.