წყნეთის სამთავრობო აგარაკები თითქმის დაცლილია და მათთვის უფრო სასარგებლო ფუნქცია მოიძებნება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, სამთავრობო აგარაკები ყველა ყოფილ ჩინოვნიკებს ჩამოერთმევა.
„წყნეთის აგარაკები თითქმის დაცლილია. იქ სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. აგარაკებისთვის უფრო სასარგებლო ფუნქცია მოიძებნება. ვის ეკუთვნოდა აგარაკები, ამის შესახებ სრული სია ვერ ვნახე. როგორც ვიცი, კანცელარია წყვეტდა ვისთვის მიეცა აგარაკი"- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, წყნეთში სულ 16 სამთავრობო აგარაკი იყო და ყველაზე ეკონომიური გათვლებით, სახელმწიფოს ყოველ წლიურად მისი შენახვა დაახლოებით 1 მილიონი ლარი უჯდებოდა.
„ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ვინაიდან მისი შენახვა-პატრონობა, ერთ კონკრეტულ შპს-ს ევალებოდა" - განაცხადა ქუმსიშვილმა.