საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მიერ ჟენევის დისკუსიების მეორე ნაწილის დატოვება არ ნიშნავს, რომ ამ ფორმატში შეხვედრები მომავალში არ გაიმართება.
ამასთან, ფანჯიკიძეს უჭირს იმის თქმა, თუ რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება.
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, პრაგმატული შეხედულებები. ეს იყო პირველი შეხვედრა ახალი მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და იმედი გვქონდა, რომ ამ პრაგმატული შეხედულებებით უფრო კარგ ვითარებას შევქმნიდით. საუბარი იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, შეხვედრის ეს ნაწილი არ შედგა" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ჟენევის დიკუსიების 22-ე რაუნდმა ნორმალურად ჩაიარა.
ფანჯიკიძემ ასევე, ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგელის ზურაბ აბაშიძის დაგეგმილ შეხვედრაზე, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი ჟენევის ფორმატთან კავშირში არ არის და ჟურნალისტებს სთხოვა, ამ ორი საკითხის აღრევა არ მოხდეს.
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის მოლაპარაკებების მეორე ნაწილი რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა არგუმენტის გარეშე დატოვეს.