საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსთან, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც მან ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვთან, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ კარლ ბილდტთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროს იაცეკ მიხალოვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუმრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.
„ჩვენ ვისაუბრეთ პოლონეთთან, ბულგარეთთან და შვედეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, ვისაუბრეთ იმ ვიზიტების შესახებ, რომელიც მე მქონდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აშშ-ში და ევროპაში, ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ახალ დინამიკაზე და შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე, გავცვალეთ აზრები. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა" - განაცხადა ფანჯიკიძემ.