რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მან, ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზეც ისაუბრა, სადაც ჰუმანიტარული საკითხები განიხილებოდა და რომელსაც რუსეთის, აფხაზეთის, და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
რეინტეგრაციის მინისტრს, ამ ფაქტის ახსნა უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალ ხელისუფლებასთან მათ სტრატეგია არ აქვთ ჩამოყალიბებული.
„ჩვენ, არავის თავს არ ვახვევთ არავითარ პოლიტიკას, არც დემარშებს არ ვაწყობთ, მაგრამ დემარშები სხვებისგანაც მიუღებელია, მითუმეტეს პირველ შეხვედრაზე. აშკარად, რაღაც გარკვეული ნერვიულობა ჩანდა. ასე რომ ძნელია ახსნა, რატომ არ უნდა ლაპარაკი ადამიანს შენთან კონკრეტულ თემებზე, როცა წლები ლაპარაკობდნენ. აშკარად, ვგრძნობ, რომ მათ ჯერ ახალ მთავრობასთან თავიანთი სტრატეგია არ აქვთ ჩამოყალიბებული, რაც თავისთავად საინტერესო რეაქციაა. ამდენი ხანი, ისინი კომფორტულად გრძნობდნენ თავს, რადგან მათ სააკაშვილი არ ესაუბრებოდა. იცოდნენ, რომ დისტანცია იზრდებოდა, მაგრამ როცა ჩვენ დალაპარაკება გადავწყვიტეთ, უცებ თვითონ ჩაიკეტნენ და დაიწყეს დისტანციის შემცირება. რა თქმა უნდა, ეს არის რთული და გრძელვადიანი საკითხი, მაგრამ მათი რეაქცია კარგი პასუხია იმაზე, რომ მათ დაინახეს ძველ და ახალ მთავრობებს შორის განსხვავება. ეს გვაძლევს საშუალებას, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ დისტანციას კიდევ უფრო შეამცირებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, აფხაზი და ოსი მონაწილეები ჟენევაში გარკვეული საშინაო დავალებით იმყოფებოდნენ და მათ არ გაითვალისწინეს, რომ სჯობდა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან უფრო მეტი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაედგათ.