საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით, ახალ პროექტს (G-PriEd) – “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი I-VI კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელისთვის" ახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა ქეთრინ კემპმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ქეთი ჩაჩხიანმა ბრიფინგი გამართეს.
მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, დაწყებით კლასებში კითხვის, მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ. ასევე, განხორციელდება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები.
ამასთან, სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, საკითხავ მასალას მოსწავლეებისთვის, თვალსაჩინოებებსა და შეფასების ინსტრუმენტებს. სკოლებს ასევე გადაეცემათ სათანდო ტექნიკური აღჭურვილობა.
პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. თავდაპირველად საქართველოს მასშტაბით 130 სკოლას მიეცემა მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რადგანაც ადგილები შეზღუდულია.
განათლების სამინისტრო სკოლებს სთხოვს ყურადღებით გაეცნონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შესახებ და დროულად გააკეთონ განაცხადი. სააპლიკაციო ფორმების მიღება მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება.