დავით ებრალიძე: საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

დავით ებრალიძე: საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ეს ინიციატივა საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობის მიზნით წამოჭრა.

„ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური საკითხების ირგვლივ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს, 2012 წლის 25 დეკემბრამდე ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს საბჭოს წევრობის კანდიდატურები და ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ. პირველ ეტაპზე აირჩევა არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი, ხოლო, პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველ 6 თვეში ერთხელ წევრები შეიცვლებიან როტაციის პრინციპით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობა გახდება საფუძველი: ჩვენი საზოგადოება გაეცნოს ობიექტურ ინფორმაციას საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, მოსახლეობამ მიიღოს მყარი გარანტიები იმისა, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ამიერიდან დაფუძნებული იქნება მხოლოდ კანონის შესაბამისად კეთილსინდისიერი გადამხდელების ინტერესების დაცვაზე"- აღნიშნა ებრალიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოს, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.