საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
როგორც ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შემდგომი სამხედრო ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
„ძირითადად, ეს ეხება ტრენინგს და განათლებას. ჩვენ ნატო-ს პარტნიორები ვართ ავღანეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილეთ შემდგომი სტრატეგია ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. გვქონდა საუბარი სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ გავაცანით ჩვენი ძირითადი ხედვა, თუ რა სახის ცვლილებები იქნება თავდაცვის დოქტრინაში"- განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეზერვზეც. როგორც ალასანია აცხადებს, დაგეგმილია, რომ რეზერვის სისტემა თავიდან შეიქმნას.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და ნიკოლაი მლადენოვი, ასევე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი იმყოფებიან. ისინი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მათი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.