დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მეგობრების - გიორგი ქურდაძისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში ბრალდებულ სხვა პირთა პროცესი გაიმართება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
10 დეკემბერს პროცესის გადადების მიზეზად ბრალდებულებს სხდომაზე არგამოცხადება დასახელდა.
ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები 8 წლის განმავლობაში, უშედეგოდ ამტკიცებდნენ 2004 წლის 24 ნოემბერს მათთვის იარაღის ჩადების ფაქტს, რითაც გამართლდებოდა მათი მეგობრის - ბუტა რობაქიძის მკვლელობა.
მისი თქმით, მომხდარს თავდაპირველად მიენიჭა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებული მკვლელობის კვალიფიკაცია, რათა მკვლელობის მოტივად დასახელებული აუცილებელი მოგერიება გამხდარიყო აღნიშნული საქმის შეწყვეტის მიზეზი. მოგვიანებით, საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, მკვლელი პოლიციელი - ბაშალეიშვილი გასამართლდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.
„2012 წლის ნოემბრიდან პროკურატურამ დაიწყო ხელახალი გამოძიება მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა.მიუხედავად ამისა, ქურდაძის მიმართ ბრალდება დღემდე არ არის მოხსნილი და მას შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიება. მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობრების მიმართ დღემდე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და აღნიშნულ საქმეზე, მათ მიმართ 8 წლის განმავლობაში არცეთი პროცესი არ გამართულა“,- განაცხადა ადვოკატმა.