მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა ქალაქების ათეულში მყოფი ქალაქის, დავოსის მერი ჰანს პეტერ მიხელი ბიზნესმენ თამაზ მჭედლიძის მოწვევით თბილისს სტუმრობდა.
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი"-ის ცნობით, მერმა თამაზ მჭედლიძეს შვეიცარიაში კომპლექსის აშენება შესთავაზა.
ჰანს პეტერ მიხელი და თამაზ მჭედლიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდნენ. უწმინდესმა წამოწყება დალოცა, სტუმრებს თავისი დაწერილი საგალობლები მოასმენინა და საპატრიარქოს ზამთრის ბაღი დაათვალიერებინა.
კოჯორში კოჯრისა და დავოსის ტყეების დამეგობრების ღონისძიებაც გაიმართა, რითაც საფუძველი ჩაეყარა კოჯრის ტყის დასუფთავებას, ახალი ნარგავებით გამდიდრებას და გალამაზებას.
გაზაფხულზე იგეგმება საპასუხო ღონისძიების ჩატარება დავოსში. დავოსის ტყესთან დაიდგმება საინფორმაციო დაფა, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ორი ქვეყნის ტყის დამეგობრების შესახებ.
მერმა კოჯრის ტყეში შვეიცარიიდან სპეციალურად ჩამოტანილი ნერგიც დარგო. ჰანს პეტერ მიხელმა კახეთი, მთათუშეთი და სნოც დაათვალიერა.