პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი არ ჰყოლია.
მანჯგალაძე თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორის ნაცვლად, ერთი თვითმფრინავი მოემსახურება.
„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით და გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია" - განაცხადა მანჯგალაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბურჭულაძის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორის ნაცვლად ერთი თვითმფრინავი მოემსახურება, მეორე თვითმფრინავი კი სალიზინგო კომპანიას დაუბრუნდება.
„კონკრეტული მიზეზი გახდა ის, რომ რეალურად ჩვენ გაქვს საკმაოდ დიდი დეფიციტი, პირველ რიგში, თავდაცვის ბიუჯეტში და როცა შესაძლოა, საფრთხის წინაშე რეალურად დადგეს ჯარის კვება, მეორე ბორტი პრეზიდენტისთვის, ელემენტარული ლოგიკაა, რომ გამართლებული არ არის. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ სალიზინგო კომპანიასთან შევწყვიტოთ აღნიშნული ხელშეკრულება და გამოსყიდვა, რადგან ძალიან დიდ და სერიოზულ თანხებზეა საუბარი" - განაცხადა ბურჭულაძემ.