ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტომას მელიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან. ამის შესახებ ტომას მელიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში" განუცხადა.
ტომას მელიამ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან" - აღნიშნა ტომას მელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ხვალ შეხვდება.