ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ამერიკელი სენატორების მიერ, გავრცელებული წერილის შეფასებისას აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაკავებების ტემპს უნდა დაუწიოს და ამ მიმართულებით, ქმედებები უფრო დახვეწოს.
„მხოლოდ, ეს ერთი წერილი ხომ არაა? ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით, უკვე ბევრმა გამოთქვა შეშფოთება. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ამ მიმართულებით, შეიძლება მთავრობის ქმედებები უფრო დაიხვეწოს. ვფიქრობ, მათ დაკავებების ტემპი უნდა დააგდონ და სამართლიანობის აღდგენა ისეთი დავებით უნდა დაიწყონ, თუ ადამიანებს რაიმე უკანონოდ წაართვეს ან ეკუთვნოდა, რაღაც და არ მისცეს. რაც შეეხება საკითხებს, სადაც ადამიანების დაკავება და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება აუცილებელია, რა თქმა უნდა, ესეც მოხდება, მაგრამ ასეთი სწრაფი ტემპით, ყოფილი ხელისუფლებიდან ყველას ერთბაშად გასამართლება ან გასამართლების მცდელობა, ალბათ, ეს მიდგომა შეიცვლება. იმ თვალსაზრისით, რომ დაკავებები და საქმის აღძვრა ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ, ასე ინტენსიურად არ მოხდება, თუ უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სენატორების ასეთი კრიტიკული წერილი იმას ემსახურება, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში იმიჯი არ შეელახოს.
„მათ ეშინიათ, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით, ამ სიტუაციის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება არ მოხდეს. მათ არ სურთ საქართველომ უკან დაიხიოს და ისეთი ქვეყნების რიგში გადავიდეს, რომლებსაც ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი არ აქვთ. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, აჩვენონ ახალ ხელისუფლებას, რომ ისინი სიტუაციას აკონტროლებენ და არ მისცემენ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამ ქმედებებით, საბოლოო ჯამში, შესაძლოა გამოვიდეს, რომ საქართველოს არცერთი მიმართულებით არანაირი პროგრესი არ ჰქონია.
„რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჩვენი განხილვა ჩამორჩენილ ქვეყნად მოუწევთ, რომელსაც არანაირი ამბიცია არ აქვთ და ნატოში შესვლასა ან თუნდაც, ევროკაშირთან დაახლოებაზე არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. და ის, რომ ყველაფერი ნოლიდან გვაქვს დასაწყები ასეთი საშიშროება, რა თქმა უნდა, იქმნება“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სენატორები - ჯინ შაჰინი, ლინდსი გრეჰემი, ჯეიმს რიში, ჯო ლიბერმანი და ჯონ მაკკეინი საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებს სპეციალური წერილით გამოეხმაურნენ, რომელიც ჟურნალ „Foreign Policy“-ში გამოქვეყნდა. სენატორები ვარაუდობენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.
ისინი ახალ მთავრობას მოუწოდებენ, შერჩევითი სამართალი არ გამოიყენოს.