ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება, გასაღება, გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „მაკნატუნას“ დირექტორი კოსტია ირემაძე, დისტრიბუტორები: ლაშა ტატუაშვილი და ნიკოლოზ იობიძე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაქონლო ზედნადების გარეშე ახდენდნენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას.
ასევე, ერთობლივი შემოსავლების დამალვის მიზნით, შესაბამის დოკუმენტებში ამცირებდნენ რეალიზებული საქონლის რაოდენობას და მიღებულ თანხებს, რითაც თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.