შსს-მ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული გიორგი მ. დააკავეს, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, კასპის 33-ე უბანზე, საარჩევნო ურნაში წინასწარშემოხაზული, ყალბი ბიულეტინების ჩაყრას შეეცადა. დანაშაულის ჩადენის დროს, გიორგი მ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა (ის 2011 წელს ქურდობისთვის სსსკ-ის 177-ე მუხლით გასამართლდა და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა).
საქმე საქართველოს სს კოდექსის 19-164-ე მესამე პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) აღიძრა“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარეობს გამოძიება.