არასამთავრობო ორგანიზაცია საია-მ დღეს, კვლევის - „მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში“ პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გამართა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოებს მედიასთან ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტები აქვს შემუშავებული.
საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორის ნათია კაპანაძის განცხადებით, სამართლებრივი ანალიზი მომზადებულია საია-ს მიერ დაფიქსირებული ფაქტებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მისივე თქმით, კვლევის მიზანია საქართველოში მედიასთან ურთიერთობის სტანდარტის შესწავლა, არსებული პრობლემების გამოვლენა, საზოგადოების ინფორმირებულობა და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზების შეთავაზება.
„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს შემუშავებული აქვთ მედიასთან ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტები, უმეტეს შემთხვევაში მედიასთან ურთიერთობა არ წესრიგდება სპეციალური აქტით. მედიასა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები უკავშირდება გადაწყვეტილების მიმღები პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მედიისადმი“, - განაცხადა კაპანაძემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არსებული პრობლემები უკავშირდება გავლენიანი ფიგურების დამოკიდებულებას მედიისადმი. კვლევის ფარგლებში, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საია-მ 50 საჯარო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ სამ საჯარო დაწესებულებას ჰქონდა შემუშავებული მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები.
ნათია კაპანაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტების შესახებ დოკუმენტები გააჩნდა. ჩატარებული სამართლებრივი ანალიზის შედეგად საია კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, აუცილებელია, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების სტანდარტის შემუშავება.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება და პოლიტიკა მედიის წარმომადგენლების მიმართ. ამასთან, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მედია თავადვე გადავიდეს საქმიანობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე და ჟურნალისტები ეთიკის ქარტიას შეუერთდნენ.