შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება სრულად კონტროლირებადია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება გართულდა ხელისუფლების გადაბარების პროცესში, რადგან კრიმინალებმა გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს.
„ჩვენ სამინისტროში არჩევნებიდან მალევე ვერ შევედით და ამ პერიოდში პოლიცია იყო სრულად დემორალიზებული. ისინი დანაშაულზე არ რეაგირებდნენ, რითაც კრიმინალებმა ისარგებლეს და წვრილმანი დანაშაულის რიცხვმა მოიმატა. თუმცა ჩვენ დავიწყეთ პოლიციის რეორგანიზაცია, შევცვალეთ ყველა სამხარეოს უფროსი და პოლიციის უფროსები. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, კრიმინალის რიცხვი მცირდება, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა კი მატულობს. შესაბამისად, დღეს პოლიციის მუშაობით კმაყოფილი ვართ" - აღიშნა ღარიბაშვილმა.
მინისტრმა კომენტარი ბოლო დროინდელ დაკავებებთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამ დაკავებების პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობენ.
„ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რადგან მაქსიმალურად ფრთხილად ვეკიდებით თითოეული ადამიანის ბედს და ვიცავთ სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები თითოეულ საქმესთან დაკავშირებით და მზად ვართ ისინი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.