NDI-ს კვლევის თანახმად, თბილისის მასშტაბით რესპონდენტთა 58% ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმას ასახელებს.
კითხვაზე, რომელი ადგილობრივი საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 58% სწორედ დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმას ასახელებს.
56% - კომუნალური მომსახურების ღირებულებას, 27% - ადგილობრივ სამედიცინო მომსახურებას, 26% - გზებს, 25-25% კი, - ტრანსპორტის ღირებულებასა და გაზმომარაგებას.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხული რესპოდენტებისთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის პირველ ადგილზე 56%-ით სამუშაო ადგილებია. მეორე ადგილზე 35%-ით ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, შემდეგ ადგილებს კი, 29%-ით ტერიტორიული მთლიანობა, 28%-ით სიღარიბე, 26%-ით პენსიები, 19%-ით ფასების ზრდა, 15-15% კი, განათლება და ხელფასები იკავებენ.
NDI-ს მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები სახელწოდებით „საზოგადოების განწყობა საქართველოში" პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. როგორც პრეზენტაციის დაწყებისას საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება.
კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. როგორც ლუის ნავარომ განმარტა, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3%-ია.