რესპონდენტთა 51%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი

რესპონდენტთა 51%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი

NDI-ს კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 51%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი, 22% კი, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ელოდება.

გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი 2016 წლის შემდეგ გახდება, 9%-ის აზრით კი, საქართველო არასდროს გახდება ნატო-ს წევრი.

NDI-ს მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები სახელწოდებით „საზოგადოების განწყობა საქართველოში" პრეზენტაცია სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. როგორც პრეზენტაციის დაწყებისას საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება.

კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. როგორც ლუის ნავარომ განმარტა, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3%-ია.