ვანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პაატა ლეჟავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებას ავრცელებს.
„2012 წლის 11 დეკემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს პარლამენტის წევრი, ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პაატა ლეჟავა.
მისი დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება ამავე სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით კაკაბაძის და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის (ამჟამად მაჟორიტარი დეპუტატის, ვანის ოფისის ხელმძღვანელის) პაატა ლეჟავას მიმართ.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს, ვანში, „ნაციონალური მოძრაობის" ვანის ოფისის შენობაში სხვა პირებთან ერთად სცემეს, ჩაუმტვრიეს ნეკნი და მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძეს, რადგან ამ უკანასკნელმა საჯაროდ გამოთქვა კრიტიკული და მწვავე შეფასებები ციხის ცნობილ სკანდალურ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.
როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, დასახელებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი პაატა ლეჟავაც, ხოლო დაზარალებულ მამუკა შარაშენიძის ჩვენებით კი, სწორედ ამ უკანასკნელმა მიიყვანა იგი პარტიული ოფისის შენობაში და შემდგომ მის ცემას ხელმძღვანელობდა"- ნათქვამია განცხადებაში.