NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 40%-ის აზრით კი - არა.
კითხვაზე - საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? – პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ - 41%, არა - 40%, არ ვიცი - 18%.
აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, არ შეცვლილა, ხოლო 1%-ით შემცირდა იმ პირთა ოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა.
ამასთან, ნომებრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას; 34% მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება; 12%-ის აზრით, საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული, ხოლო 5% მიიჩნევს, რომ საქართველო შეიძლება მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება; გამოკითხულთა 1%-ის აზრით, საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება დემოკრატიული; ასევე 1% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიული და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.