შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიკამენტების საცალო გაყიდვის შეფერხების არსს განმარტავს და აცხადებს, რომ მედიკამენტების საცალო გაყიდვაზე არანაირი სახის შეზღუდვა არ ვრცელდება მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში.
შესაბამისად, სამინისტროს ცნობით, მედიკამენტების საცალო შეძენაზე პრობლემების შექმნის შემთხვევაში, მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდნენ
აღნიშნულის შესახებ, განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განმარტავს სააფთიაქო ქსელებში ბოლო ხანებში მედიკამენტების საცალო გაყიდვის შეფერხების არსს:
არანაირი სახის ახალი რეგულაცია არ ყოფილა დაწესებული. ძალაშია მხოლოდ მოქმედი ნორმატივები. რომლის მიხედვითაც, საცალო გაყიდვაზე არ ვრცელდება არანაირი სახის შეზღუდვა მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში.
რაც შეეხება დიდი მოცულობის შეფუთვიდან აბების ან კაფსულების გადანაწილებას პოლიეთილენის პაკეტებში, შეზღუდვა ან რაიმე სახის აკრძალვა არც აქ ყოფილა დაწესებული. განსხვავება ის არის, რომ ამ სახის გადაფასოება (განსხვავებით ზემოთ აღწერილი განცალკევებისაგან) მოითხოვს გარკვეული მარტივი პირობების დაცვას. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, საცალო გაცემა შეუფერხებლად გახდება შესაძლებელი.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნება მედიკამენტების საცალო შეძენაზე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონზე: 15 05“,- ნათქვამია განცხადებაში.