არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"-ში მიიჩნევენ, რომ სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღება გამართლებული არ არის. აღნიშნულთან განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 6 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ". კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის - სამხედრო რწმუნებულის შექმნას, რომელსაც თითქმის იგივე უფლებამოსილებანი და სამართლებრივი გარანტიები გააჩნია, რაც სახალხო დამცველს, მაგრამ ფოკუსირებულია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ რომ ამ ინსტიტუტის, რომლის შექმნაც სახელმწიფო ბიუჯეტს 465 760 ლარი დაუჯდება, ცალკე არსებობის საჭიროება არ არსებობს და უფრო მარტივი და ეფექტური იქნება, თუ ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციებსა და შესაძლებლობები გაიზრდება, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისში სპეციალური სამსახურის შექმნის გზით.
„ახალი ინსტიტუტის შექმნა დღის წესრიგში ქართულ ჯარში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემდეგ დადგა, რამაც აჩვენა, რომ ქართულ ჯარში ადამიანის უფლებები არასათანადოდ იყო დაცული. თუმცა ადამიანის უფლებების დარღვევა, მხოლოდ ქართულ ჯარში არ ხდებოდა, გასულ წლებში აქტიურად ირღვევოდა როგორც პატიმართა, ისე მრავალი სხვათა უფლებები. შესაბამისად, თუ გავყვებით სამხედრო რწმუნებულის შექმნის იდეას, მაშინ ადამიანის უფლებათა ყველა სფეროში ცალკე უფლებადამცველი ორგანო უნდა შეიქმნას. ეს კი, როგორც მინიმუმ სერიოზულ დაბნეულობას შექმნის საზოგადოებაში და გაართულებს სრული სურათის დანახვას ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ქვეყანაში, რომ აღარაფერი ვთქვათ აღნიშნული სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თუ სახელმწიფოს სურს სამხედრო სფეროში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების უკეთ დაცვა, უკეთესია მიზნობრივი დაფინანსება გაეზარდოს სახალხო დამცველის აპარატს და ცალკე დეპარტამენტი შეიქმნას ამ საკითხებზე სამუშაოდ" -ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.