საქალაქო სასამართლომ დღეს, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ახალაიას, სოსო თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა დაცვის მხარის ვერცერთ კონკრეტულ კითხვას პასუხი ვერ გასცა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დათა ახალაიას, შსს სამინისტროს კუდ-ის დირექტორის მოადგილეს სოსო თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვს და გერონტი ალანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის შესაბამისად დაუსწრებლად წარედგინათ.
საქმე ეხება მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტს.
აღნიშნული დანაშაულისთვის დათა ახალაიას ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტება) წარედგინა.
იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი სსკ-ის 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტება) წაუყენეს.