სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, რომ მთავარია, ადამიანმა თავის გულში ააშენოს ტაძარი.
უწმინდესმა მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული და უნდა გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს ტაძრად მიყვანება.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, რა იქნებოდა საქართველო, ჩვენ რომ არ გვქონდეს ჩვენი ეკლესია.
კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ტაძარი არის სასუფევლის კარიბჭე და ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ხშირად არის ტაძარში.
უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც მადლი ღვთისა სუფევს და უპირველეს ყოვლისა ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლიდეთ ამას.
„ამბობენ, რომ ორი ან სამი ტაძარი ავაშენე. მთავარია, ადამიანმა თავის გულში ააშენოს ტაძარი, მისი გული უნდა გახდეს უფლის სამყოფელი“, - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
პატრიარქმა ასევე რამდენიმე სასულიერო პირი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.