მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თურქეთის ქალაქ ორდუში, საიუველირო მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილ ქართველ მამაკაცს ბრალდება მოეხსნა.
ამის შესახებ კბილაშვილმა მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2012 წლის 12-დან 30 ნოემბრის ჩათვლით სისხლის სამართლებრივი დევნა 12 ბრალდებულის მიმართ შეწყდა. ეს არის საქმეები, რომელიც პროკურორებს წარმოებაში ჰქონდათ და მე მათი გადასინჯვა დავავალე. ასევე, წინასწარ გამოძიებაში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 12 ბრალდებულის მიმართ, ესენი იყო დანაშაულები, რომელიც ყაჩაღობას, განზრახ მკვლელობას, თაღლითობას ითვალისწინებდა, ეს მუხლები განსაკუთრებული სიმძიმისაა და მიუხედავად მათი სიმძიმისა, როცა ვნახეთ, რომ პირი დაუსაბუთებლად იყო პასუხისგებაში მიცემული, ჩვენ მათ ბრალდება მოვუხსენით. ასევე, სასამართლო განხილვის დროს ბრალდება მოეხსნა 16 ბრალდებულს, მათგან ერთ-ერთი თურქეთში საიუველირო მაღაზიის ძარცვისთვის ძებნილი პირია" - განაცხადა კბილაშვილმა.