ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ წევასთან მომხდარი ავარიის გამო, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თანაუგრძნობს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, დაახლოებით საღამოს 8 საათზე სოფელ წევასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანის ბორტიდან ლითონის რულონი გადმოვარდა, რომელიც საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და ექვსი მგზავრი გარდაიცვალა.
სატვირთო მანქანის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა და ის ამჟამად დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.