„საქართველოს საჰაერო კოდექსში“ სპეციალური რეისის ცნება შემოდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში გუშინ მოხდა.
ცვლილებებით, სახელმწიფოს უმაღლესი თანანმდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებამოსილების განსაზღვრის საკითხი წესრიგდება.
კერძოდ, კოდექსის, პირველ მუხლს ემატება აბზაცი - „საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისი - სახელმწიფოს უმაღლესი თანანმდებობის პირების გადაყვანის განკუთვნილი რეისი“.
ამასთან, სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებლივი აქტებით განისაზღვრება.