ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პაატა კოღუაშვილი დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საქართველოში შექმნილი კლიმატი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ყველაზე დიდი მტერია“ აცხადებს, რომ ქმედებები, რასაც ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა, ეკონომიკურ ზრდასა და სწორ განვითარებასთან კავშირში არაა და დღესაც, ისინი საბოტაჟს ეწევიან.
„უგულავა ნაწილია იმ გუნდისა, რომელსაც ჰქვია სააკაშვილის გუნდი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქართული სახელმწიფოებრიობის დევნას ეწეოდა. მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც მათ ჩაიდინეს. აქ საუბარია, სამართლიანობის აღდგენაზე, სამართალი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანა ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე მათ მიიყვანეს და დამნაშავენიც თვითონ არიან. რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს არავითარ სწორ ეკონომიკურ ზრდასა და სწორ განვითარებაში არ ჯდება და ამიტომ, დღესაც ისინი საბოტაჟს ეწევიან“,- განაცხადა კოღუაშვილმა.
კოღუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად, ორხელისუფლებიანობაა და, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობები მათ დაქვემდებარებაში მყოფ ბიზნესებს ავიწროვებენ.
ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ბიზნესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „იმაზე უფრო დიდ პრობლემას, ვიდრე ყოფილი მაღალჩინოსნების თუ პოლიტიკური ოპონენტების დევნაა, ის საერთო კლიმატი წარმოადგენს, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ვგულისხმობ კლიმატს, სადაც წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ. ესაა ყველაზე დიდი მტერი ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების“.