ედპ პალესტინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიურ მარცხად აფასებს

ედპ პალესტინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიურ მარცხად აფასებს

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" შეფასებით, პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მიერ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა, ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.

„საქართველომ პალესტინის მხარდაჭერის ნაბიჯით, რომლის გავლენიანმა პოლიტიკურმა და ამასთან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ტერორიტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ძალა „ჰამასმა" სცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, პრობლემები შეიქმნა ისრაელთან, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. ქართულ დელეგაციას შეეძლო, სულ მცირე, თავი შეეკავებინა კენჭრისყრაში მონაწილეობისგან, როგორც ეს 41-მა სახელმწიფომ გააკეთა და ამით თავიდან აიცილებდა პრობლემებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ედპ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიურ მარცხად აფასებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი შესაძლოა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე უარყოფითად აისახოს.

პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისარელი და აშშ.

სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე, ზრდის მათი მონაწილეობის დამაჯერებლობას გაეროს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში.