აფხაზთიდან დევნილი 64 ოჯახი  ქუთაისში რეაბილიტირებულ ბინებში შესახლდნენ

აფხაზთიდან დევნილი 64 ოჯახი ქუთაისში რეაბილიტირებულ ბინებში შესახლდნენ

აფხაზთიდან დევნილი 64 ოჯახი დღეიდან, რეაბილიტირებულ ფართში იცხოვრებს. იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინის გასაღები დღეს დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გადასცა.

როგორც from.ge- ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში, ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობა, ჭავჭაძის №58, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდნენ, გერმანიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გარემონტდა.

რეაბილიტაციამდე კი, დევნილები აღნიშნულ ობიექტში საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ.

გარდა ამისა, იმავე ეზოში დევნილებისათვის აშენდა ოთხსართულიანი კორპუსი. მთლიანობაში, დღეს ახალი ბინის გასაღები 64-მა ოჯახმა მიიღო.

„ფართის განაწილება მოხდა სულადობის მიხედვით. ერთსულიანმა ოჯახმა ერთოთახიანი ბინა მიიღო (ფართი 30 მ 2); ორსულიანმა ოჯახმა - ასევე ერთოთახიანი ბინა (ფართი 43 მ2); სამ და ოთხსულიან ოჯახს 52 და 54 კვ მეტრის ოდენობის ფართი გადაეცათ; ხუთ და ექვსსულიანმა ოჯახებმა სამოთახიანი ბინები მიიღეს (ფართი 68 -75 მ2).

თითოეულ ოჯახს,  პროექტის ფარგლებში ახალ ბინებში დახვდა გაზქურა და გამათბობელი. ასევე,  წყლის ავზი.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დავით დარახველიძესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ 20 წელია ადამიანურ პირობებს ელიან და როგორც იქნა ეღირსნენ“,- აცხადებენ სამინისტროში.

ერთ-ერთი დევნილის დალი ღურწკაიას განცხადებით, დევნილობიდან დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.

„ვითმენდით და ველოდებოდით, რომ ჩვენი დროც დადგებოდა. ძალიან გვიჭირადა. არ გვჯერა, რომ საკუთარი ბინა გვაქვს, თან გარემონტებული, აბაზანითა და სამზარეულოთი. ძალიან გვიხარია, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, - აღნიშნა დევნილმა დალი ღურწკაიამ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, დავით დარახველიძის განცხადებით,  იძულებით  გადააგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გაგრძელდება.

 „ძალიან კარგი საქმე გაკეთდა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულები. დღეს იძულებით გადადგილებულ 64 ოჯახს მოუგვარდა საბინაო პრობლემა და პროცესი გაგრძელდება“,-განაცხადა დარახველიძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის განვითარების ბანკს, რომლის მხარდჭერითაც განხორციელდა აღნიშნული პროექტი.