ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" ჯორჯ სოროსის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, ფინანსისტი და ფილანთროპი ჯორჯ სოროსი 1-2 დეკემბერს თბილისს ორდღიანი კერძო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი შეხვდა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ხელმძღვანელობას - აღმასრულებელ საბჭოს და დირექტორს. გარდა ამისა, არსებულ პოლიტიკური რეალობაზე სასაუბროდ, ჯორჯ სოროსი შეხვდა პოლიტიკურ ლიდერებს - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს" - აღნიშნულია განცხადებაში.
„ღია საზოგადოების" ინფორმაციით, შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელობამ და ჯორჯ სოროსმა ბოლო წლებში ფონდის მუშაობა შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
„ჯორჯ სოროსმა დადებითად შეაფასა ფონდის მუშაობა, ფონდის მხარდაჭერილი კამპანიის „ეს შენ გეხებას" ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების ადვოკატირებით საკუთარი წვლილი შეიტანა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში და ე.წ. მასთ ქერის ამოქმედებაში, რამაც თავისუფალი მედია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა წინასაარჩევნო პერიოდში. მისი სამომავლო რეკომენდაციაა, რომ ფონდი აქტიურად ჩაერთოს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესში, კერძოდ სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და ციხეში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაში",- აღნიშნულია განცხადებაში.
„ღია საზოგადოება-საქართველო" აცხადებს, რომ უახლოეს წლებშიც იზრუნებს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების, დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობასა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირებაზე.
„კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ჯორჯ სოროსი „ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებს. გვინდა საგანგებოდ აღვნიშნოთ, რომ ჯორჯ სოროსი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში" - აცხადებს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო".