ბობოხიძე: პარლამენტის თბილისში დაბრუნება კატასტროფული იქნება

ბობოხიძე: პარლამენტის თბილისში დაბრუნება კატასტროფული იქნება

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნება თბილისისთვის, ქუთაისისთვის და რეგიონის განვითარებისთვის კატასტროფული იქნება.

როგორც From.ge-ს ბობოხიძდემ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმცირესობა მხარს არ დაუჭერს.

„ძალიან მალე ისეთ ქვეყნას მივიღებთ, რომელიც ქალაქ სახელმწიფო იქნება. მისი  ფორმალური სახელი - საქართველო იქნება, თუმცა, რეალური - თბილისი.   თუ რეგიონების განვითარებას ხელს არ შევუწყობთ, თბილისში ცხოვრება შესაძლებელი იქნება, მაგრამ სხვაგან დასახლებული პუნქტები არ გვექნება. დეპუტატებს ქუთაისში ყოფნით,  რაც არ უნდა დისკომფორტი ჰქონდეთ, პარლამენტის აქ არსებობა ქვეყანას გადარჩენს“, - აცხადებს კანონმდებელი.

ბობოხიძის შეფასებით, პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა თბილისელს სამუშაოდ ქალაქგარეთ  გასვლა  უწევს.

„საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ქვეყანა თბილისად არ უნდა დავტოვოთ“, - დასძინა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული. პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან 48/1 მუხლი ამოდის, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული.