ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილების დრამატიზება არ ღირს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემთვის ეს თემა გარკვეულწილად უხერხულია, რადგან ნახევრად ებრაელი ვარ და არ მინდა სუბიექტურობა დამწამონ. თუმცა მე არ მოვახდენდი ამ საკითხის დრამატიზებას. მეტსაც გეტყვით, რომ გარდამავალ ეტაპზე, საერთოდ, დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები. შეიცვალა ხელისუფლება, თუმცა დიპლომატიური კორპუსი ჯერჯერობით, ყოფილი ხელისუფლების კონტორლის ქვეშაა. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონში გვერდს უმშვენებდა თემურ იაკობაშვილი. ეს არის ის პრობლემები, რაც ჩვენ ამ კუთხით გვაქვს“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარება არასათანადოდ იქნა გაანალიზებული და მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გარდამავალი პერიოდის ხარვეზმა იჩინა თავი.
„ვფიქრობ, რომ არასათანადოდ იქნა გაანალიზებული, არასათანადოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია და გარდამავალი პერიოდის ამ ხარვეზმა ასეთი სახით იჩინა თავი. ყველაზე გონივერული და გააზრებული პოზიცია ამ შემთხვევაში იქნებოდა თავის შეკავება. ჩვენ არავართ იმდენად მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებში რადიკალური პოზიცია გამოვხატოთ. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა თავის შეკავება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის დრამატიზება არ ღირს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია. ალბათ, ჩვენი ებრაელი მეგობრები გაგებით მოეკიდებიან და ამას ჩავთვლით არა სისტემურ პრობლემად ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, არამედ, უბრალო გაუგებრობად და ინცინდენტად“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შექმნეს, რაც ხუხაშვილის შეფასებით, არასახელმწიფოებრივია.
„ის აჟიოტჟი, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ქმნიან და ცვდილობენ ქვეყნებს შორის ურთიეროთობების დრამატიზებას, არასახელმწიფოებრივია და მათ არ ვურჩევ ამ სიტუაციის ესკალირებას“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.
პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.