ბათუმის საკრებულოს შენობაში საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადაყენების მოთხოვნით რამდენიმე ადამიანი შიმშლობს.
მათი განცხადებით, საკრებულოს საქმიანობით შემოსავლების სამსახური და კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს.
ისინი ამბობენ, რომ მერია და საკრებულო წლების განმავლობაში ფულს ათეთრებდა, ხოლო დაწყებული პროექტების დამთავრებას ხელოვნურად აჭიანურებენ.
„მესამე დღეა ვშიმშილობთ, საკრებულომ დაცვის თანამშრომლებს მოსთხოვა გავეყვანეთ შენობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვის სამსახურს ხელშეკრულებას გაუუქმებდა. ჩვენ არაფერი დაგვიზიანებია და დაცვის სამსახურმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ გაგვიყვანა. მოვითხოვთ, გიორგი კირთაძის გადადგომას, რათა ის პროექტები, რაც 2012 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო ხელოვნურად დაიბლოკა, რათა გაეჟღერებინათ, რომ „ქართული ოცნება“ მათ ბლოკავს. მათი მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობას აქვს ადგილი. მივმართავთ დასავლეთ საქართველოს შემოსავლების სამსახურს და კონტროლის პალატას, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ბათუმის მერიამ შპს-ები შექმნა, ხოლო საკრებულომ დაამტკიცა და მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა ფულის გათეთრება“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შიმშილობის აქციაში მონაწილე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.