ტელეკომპანია „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ნათია ლაზაშვილმა ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვა. ლაზაშვილმა არხის დატოვების მიზეზებიც განმარტა.
მისი თქმით, მათ შეუძლებლად მიგვაჩნიათ თანამშრომლობა ისეთ ხელმძღვანელობასთან, ვინც ერთმანეთთან აიგივებს ტელევიზიას და ფერმას.
„სამწუხაროა, რომ უკვე მეორედ მიხდება იგივე განცხადების გაკეთება, რაც რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-ში მომიწია, თუმცა იმ განსახვავებით, რომ „რუსთავი 2“-ში 11 წელი ვიმუშავე, ხოლო „მე-9 არხზე“ მხოლოდ 8 თვე მომეცა ამის საშუალება. ჩვენ გუშინ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ არხის რეორგანიზაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო იმ პროცესების თავიდან აცილება, რომელიც ამჟამად „მე-9“-ე არხზე მიმდინარეობს. თუმცა, დღეს თანამშრომლებს განუცხადეს, რომ არხზე რეორგანიზაცია დასრულებულია. ასევე გაკეთდა განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღო და დარწმუნებული ვარ მათთვისაც, ვინც ამ ეტაპზე აქ რჩება. ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია თანამშრომლობა ისეთ ხელმძღვანელობასთან, ვინც ერთმანეთთან აიგივებს ტელევიზიას და ფერმას. ჩვენ ყველა პროფესიას პატივს ვცემთ, მაგრამ პირადად ჩემი, ერთი ჟურნალისტის სახელით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მე სამუშაოდ მოვედი ტელეკომპანიაში და არა ფერმაში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესმე ესეც მომიწოს“,-განაცხადა ლაზაშვილმა.
მისი თქმით,, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ კრძალავს, გაუგებარია ის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს უხერხულობას უქმნის მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი ტელევიზია, რატომ არ უქმნის ასეთივე უხერხულობას ახალ ხელმძღვანელს ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის წევრი არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, პარლამენტის და იუსტიციის საბჭოს წევრი.
„ახალმა ხელმძღვანელმა მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ჩვენ გვქონდა დაბალი რეიტინგი და ვაკეთებდით სნობურ ახალ ამბებს. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პროდუქტზე, რასაც 8 თვის განმავლობაში ვქმნიდით და საშუალებას ვაძლევთ ახალ ხელმძღვანელს, გააკეთოს ისეთი ახალი ამბები, რომელიც მას მიაჩნია რეიტინგულად. გარდა ამისა, დღეს უკვე დაიწყო საუბარი, რომ ადგილი აქვს საბოტაჟს. ყველა ადამიანმა, რომელმაც დაწერა განცხადება წასვლის შესახებ, შესთავაზა ქალბატონ ლუბა ელიაშვილ, დარჩენილიყო არხზე იმდენი ხნით, რამდენი ხანიც საინფორმაციო სამსახურის გამართული მუშაობისთვის იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამის აუცილებლობა არხის ახალმა ხელმძღვანელმა ვერ დაინახა და განაცხადა, რომ ის დღესვე მოიყვანს ახალ კადრებს“, - განაცხადა ლაზაშვილმა.
მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „ფაქტობრივად დადასტურდა ის სატელეფონი საუბრები, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო ლუბა ელიაშვილის „მე-9 არხზე“ მოსვლაზე და იყო ნახსენები სიტყვა „ნგრევა“.
„ნებსით თუ უნებლიედ, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ არ დაინგრევა ის, რასაც ჩვენ 8 თვის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ვაშენებდით“, - განაცხადა ლაზაშვილმა და დასძინა, რომ ის ტელევიზიის თანამშრომლებს მადლობას უხდის.