ჟურნალ „ლიბერალის" მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, ტელეკომპანია „მე-9 არხი" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ჟურნალ „ლიბერალის" საგამომცემლო ჯგუფს მიჰყიდოს.
ამის შესახებ შავერდაშვილი „ლიბერალის" ვებ-გვერდზე მიმართავს ავრცელებს.
„ბატონო ბიძინა, ტელეკომპანია „მე-9 არხის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების და ასევე, თქვენს წინაშე არსებული დილემებისა და თქვენი ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც მედიას ეხებოდა, მოგმართავთ კონკრეტული შემოთავაზებით.
ეს არის ამონარიდი იმ ინტერვიუდან, რომელიც თქვენ "ლიბერალს" 2012 წლის ივლისში მიეცით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
"(პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ) არ მივდივარ საქართველოდან, მაგრამ არ მინდა, პოლიტიკოსი მერქვას. მე იქ მივდივარ, სადაც ქარიშხალია, ეს საზოგადოებრივი განვითარებაა. ჩვენ აღარ უნდა ვიძახოთ, - აბა, როგორი კაცი მოვა?! ერთ კაცს არ უნდა ველოდოთ. ხალხი უნდა გავაძლიეროთ, ისე, რომ ჰქონდეს უნარი, სწორი არჩევანი გააკეთოს. უახლოეს დროში შევქმნით კრიტიკულ მასას, რომელსაც პოლიტიკური ელიტა გაუწევს ანგარიშს. საზოგადოება იმასაც დაინახავს, რომ ოპოზიციაში ყოფნაც საინტერესო იქნება. პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია უნდა იყოს, თუ დასჭირდათ, მათაც დავეხმარები ერთჯერადად, ისე, რომ ჩემზე დამოკიდებული არ გახდნენ. პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე სამოქალაქო სექტორს გაუჭირდება ხელისუფლების ოპონირება. სამოქალაქო სექტორში ერთად ჩავდგეთ, მედია გავათავისუფლოთ და ეს ყველაფერი სწორ ფუნდამენტს ჩაყრის. მაგრამ შემდგომ არჩევნებამდე ხელისუფლება და ოპოზიცია უჩემოდ უნდა განვითარდნენ. შემდეგი არჩევნები ამის კარგი მაგალითი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ შემდეგ არჩევნებზე ევროპულთან მიახლოვებულ დონეს ვაჩვენებთ და ეს ჩემი მოღვაწეობის ლაკმუსის ქაღალდი იქნება".
სწორედ თქვენ მიერ დეკლალირებული სურვილებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, გთავაზობთ „მე-9 არხი" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოგვყიდოთ ჩვენ, ჟურნალ "ლიბერალის" საგამომცემლო ჯგუფს. ჩვენ უკვე 8 წელია, ვმუშაობთ ქართულ მედია-ბაზარზე და არაერთი ფინანსური, პოლიტიკური თუ ადამიანური გამოწვევის მიუხედავად, შევძელით შეგვენარჩუნებინა რეალური დამოუკიდებლობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები. ჩვენი გამომცელობა ასევე აქტიურად მონაწილეობს მედია გარემოს გაუმჯობოსებასთან დაკავშირებულ პროცესებში.
ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ უზრუნველვყოფთ "მე-9 არხის" დამოუკიდებელ, "ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად" გარდაქმნას და არა მის დასუსტებას, დაშლასა თუ პოლიტიკური გავლენების არეალში მოხვედრას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზოგადად მედია-ბაზრის გაჯანსაღებას.
ჩვენ გვაქვს ხედვა, რა მექანიზმები უნდა ავამუშავოთ ამისათვის.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, მედია-გარემოს და მედიის გაძლიერება და არა დასუსტება, იმედია, განიხილავთ ამ შემოთავაზებას და საშუალება გვექნება დეტალურად განვიხილოთ ეს წინადადება თქვენთან.
"ყველაზე დიდი რისკი ჩემზეა, თუმცა ცოტ-ცოტა ყველამ გავრისკოთ, ეს რისკი რისკად ღირს" - ისევ თქვენი ციტატა რომ მოვიშველიოთ, ეს ჩვენი წილი რისკია" - წერს შავერდაშვილი.