შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გუშინ, გვიან ღამით ადვოკატთან ერთად დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად, დაკითხვა შემოსავლების სამსახურში მის საქმიანობას ეხებოდა.
„თემა ზოგადად ეხება შემოსავლების სამსახურში ჩემს საქმიანობას და წინა პერიოდსაც. დავიკითხე მოწმის სტატუსით. დაკითხვის პროცესმა კორექტულ ვითარებაში ჩაიარა. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დეტალებზე არ შემიძლია გესაუბროთ. მეც დაინტერესებული ვარ გამოძიების კარგად წარმართვით" - განაცხადა ებანოიძემ.
მისივე თქმით, დაკითხვა კონკრეტულად საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობას შეეხებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ეხებოდა თუ არა დაკითხვა „ქართუს" ტვირთების დაზიანებას, ებანოიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე კითხვები არ ყოფილა.
ისევ დაიბარებენ თუ არა ჯაბა ებანოიძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მისთვის უცნობია.