საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთში დასრულდა. ვიზიტის მიზანი ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულება იყო. ავღანეთში ყოფნისას ირაკლი ალასანიამ ასევე შეხვედრები გამართა საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჰელმანდის პროვინციასა და ქაბულში მდებარე სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი სამშვიდობოები მოინახულა. ირაკლი ალასანია ადგილზე გაეცნო ქართველი ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებსა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის დეტალებს.
იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ერედვის ბაზაზე მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ ის ქართველი სამხედროები დააჯილდოვა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თალიბი ამბოხებულების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ISAF-ის შტაბ-ბინაში მისიის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ ჯონ ალენს შეხვდა. თავდაცვის მინისტრი ასევე ესაუბრა ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნებს - ავღანეთში სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუსს, გენერალ-მაიორ ბერგერს და პოლკოვნიკ რედფორდს. საერთაშორისო მისიის ნატოელმა ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონე და პროფესიონალიზმი.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელი ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მოჰამადის და ქვეყნის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდა. საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.
2012 წლის ოქტომბრიდან მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ამჟამად, ავღანეთში მისიას მე-12 ბატალიონთან ერთად, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ასრულებს, რომელიც საერთაშორისო ოპერაციაში მეორედ იღებს მონაწილეობას.