ადამიანის უფლებათა ცენტრი მსჯავრდებულ მერაბ რატიშვილის საქმის სხვა პოლიტმატიმრების საქმეებისგან იზოლირებას დაუშვებლად მიიჩნევს.
რატიშვილის განცხადებას, რომელმაც არასამათავრობოებს მისი საკითხის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად ცალკე გატანა სთხოვა, ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს გამოეხმაურა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რატიშვილის საქმის გამიჯვნა დანარჩენი პოლიტმატიმრების საქმეებიდან არასწორია, რადგან მისი პოლიტპატიმრობის საკითხი ეჭვს არ იწვევს და ამ საქმის დამატებით შესწავლის საჭიროება არ არსებობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განმარტებით, აღნიშნული საკითხი მას ავტორიტეტულ უფლებადამცველ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად აქვს შესწავლილი. მისივე ინფორმაციით, ფედერაციის მისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რატიშვილი სრულიად გაყალბებული და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მსხვერპლია.
„დასკვნის მომზადებისას მისიამ მხედველობაში მიიღო რამდენიმე გარემოება, კერძოდ: "მერაბ რატიშვილი დაპატიმრების წინა დღეებში პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიური იყო; იგი დააპატიმრეს მასობრივი ოპოზიციური დემონსტრაციების (რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მძიმე რეპრესიებს მიმართა) დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე; იგი ამტკიცებს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები მანქანაში და სახლში ჩაუდო; საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს ამ ვერსიას და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი 2007 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დააპატიმრეს და ნარკოტიკების უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს; გამოძიების დროს გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა; ბინის ჩხრეკას არ ესწრებოდნენ მოწმეები, რაც კანონდარღვევაა; პოლიციამ რატიშვილს ჩამოართვა ნივთები, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა - კომპიუტერი, პოლიტიკური შინაარსის მქონე ფლეირები და მაისურები; მერაბ რატიშვილის მტკიცებით, ქართველმა ჩინოვნიკებმა მოსთხოვეს მას ეღიარებინა, რომ ის რუსეთის ჯაშუში იყო და მიეცა ცრუ ჩვენება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ; ამავე პერიოდში ოპოზიციის ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იძულებული გახდა, ქვეყანა დატოვებინა მას შემდეგ, რაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა. მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო" - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.