ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შედარებით მცირე დროში დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ ქეთრინ ეშტონმა დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე მივესალმე იმას, რომ საქართველო ერთგულია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებებისა. ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფ წინსვლას ამ მოლაპარაკებების მიმართულებით და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებების შედარებით მცირე დროში დასრულებას შევძლებთ. მე კვლავ ხაზი გავუსვი ევროკავშირის მიერ ნაკისრ ვალდებულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მობილურობის გაუმჯობესების მიმართულებით“,- განაცხადა ეშტონმა.