შერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა სასტუმრო „შერატონში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წარსული დარღვევების გამოძიება უნდა იყოს და აღიქმებოდეს, როგორც მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სათანადო წესების შესაბამისი.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში, ასე მალე საქართველოს ისტორიული საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემის შემდეგ, მე მივულოცე ეს მიღწევა საქართველოს პრეზიდენტსაც და პრემიერსაც და ორივე მხარეს მოვუწოდე, გააგრძელონ საკუთარი თანამდებობებისა და ინსტიტუტების გამოყენება საქართველოს კარგი მმართველობის კონსტრუქციული ხელშეწყობის მიზნით"- განაცხადა ეშტონმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის ევროპული ფასეულობები დაიცვას.