გლობალური სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი „Huawei” ქართულ საცალო ბაზარზე შემოდის. „Huawei”-ის სმარტფონების ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში კომპანია „ალტა“ ხდება და „ალტას“ 15 წლის იუბილეს ემთხვევა.
ხვალ, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ „Huawei“-ს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი დუ ლირონგი და „ალტა“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი კაკაბაძე. მემორანდუმის თანახმად, კომპანიის პროდუქცია საცალო ბაზარზე ოფიციალურად შემოვა და ექსკლუზიურად მხოლოდ „ალტას“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს მაღალი ხარისხის „სმარტფონებსა“ და „პლანშეტურ კომპიუტერებს“ შესთავაზებს.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, ღონისძიებაზე „Huawei“-ს იმ პროდუქტების პრეზენტაციაც იგეგმება, რომლებიც გაყიდვაში 28 ნოემბრიდან გამოვა. ამასთანავე, დამსწრე სტუმრებისათვის და მედიის წარმომადგენლებისთვის „Huawei“-ს „სმარტფონები“ გათამაშდება. ამასთანავე, „Huawei“, როგორც პეკინის და ლონდონის ოლიმპიადების სპონსორი, ღონისძიებაზე ლონდონის ოლიმპიადის მედალოსნებს მოიწვევს და უახლესი ტიპის სმარტფონებს საჩუქრად გადასცემს.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით,„Huawei“ საქართველოს ბაზარზე2001 წლიდან წარმატებულად ოპერირებს და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს სატელეკომუნიკაციო და ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში მოღვაწე ავტორიტეტულ ქართულ კომპანიებთან. ამჯერად კომპანია საცალო ბაზრის ათვისებას მობილური ტელეფონებისა და პედების საშუალებით იწყებს და მომხმარებელს შეღავათიან ფასად უმაღლესი ხარისხისა და შესაძლებლობების პროდუქციას წარმოუდგენს.
„მოხარულები ვართ რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე შემოვდივართ ისეთი წარმატებული კომპანიის მეშვეობით, როგორიც „ალტაა“ და ეს ყველაფერი „ალტას“ 15 წლის იუბილეს ემთხვევა. ქართველი მომხმარებელი მომთხოვნია მაღალი ხარისხის მობილური ტელეფონების მიმართ, რომელიც ფასითაც მისაღები იქნება. ჩვენ გადავჭერით ხარისხის და ფასის პრობლემა, ამიტომ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია გვენდოს. დღეიდან მომხმარებელს შევთავაზებთ 5 სახეობის სმარტფონს ანდროიდის ბაზაზე ყველა საფასო სეგმენტისთვის, და ასევე 7-ინჩიანი PC „ტაბლეტებს“. „Huawei“ ჩინური ბრენდია, რომელიც მსოფლიომ აღიარა, როგორც მაღალი ხარისხის ტექნიკის მწარმოებელი. სტატისტიკის უკანასკნელი მონაცემებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანია პირველ, ხოლო სმარტფონების გაყიდვებში მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა ქართულ მობილურ და ფიქსირებული ქსელების ოპერატორებთან. ვფიქრობ 11-წლიანმა გამოცდილებამ გაამართლა და ქართულ ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიმკვიდრეთ,“ - აცხადებს თბილისში „Huawei“ -ს გენერალური დირექტორი დუ ლირონგი.
„ალტას“ მენეჯმენტის ინფორმაციით, „Huawei“ მყარი და სანდო რეპუტაციის ბრენდს წარმოადგენს, რაც ორმხრივი თანამშომლობის წარმატების საწინდარი იქნება. „ალტაში“ მიაჩნიათ, რომ კონკურენტუნარიანი ფასები და მაღალი ხარისხი, საქართველოს საცალო ბაზარზე „Huawei“-ს პროდუქციას მალე მოუტანს პოპულარობას.
„მოხარული ვართ, რომ პირველებს მოგვეცა საშუალება საცალო ბაზარზე ჩვენი მაღაზიების მეშვეობით წარმოგვედგინა ისეთი ავტორიტეტული ბრენდი, როგორიცაა „Huawei“და ეს ყველაფერი „ალტას“ 15 წლის იუბილეს დაემთხვა. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ახალ, მაღალხარისხიან პროდუქციას ვთავაზობთ, ასევე გავანებივრებთ სხვადასხვა აქციებითაც. პირველ საინტერესო აქციას მომხმარებელი უკვე საახალწლოდ მიიღებს. დარწმუნებული ვართ,რომ საცალო ბაზარზე „Huawei“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც 2001 წლიდან საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იყო, ხოლო „ალტა“ მუდმივად სიახლეებს და ინოვაციებს შესთავაზებს თავის მომხმარებელს, როგორც ეს კომპანიის არსებობის 15 წლის მანძილზე ხდებოდა,“-აცხადებს „ალტას“ გენერალური დირექტორი ირაკლი კაკაბაძე.
„ალტა“ კომპიუტერული და გონიერი ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. ალტას მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. „ მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა.
მსოფლიო ბაზარზე ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „Huawei“ 1988 წლიდან მოღვაწეობს. მისი ოფისები 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 140 000 მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა 46 %-იც კვლევებისა და განვითარების კუთხით მუშაობს. მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2G/3G მობილურ ტექნოლოგიებში კომპანია ”ჰუავეი” მასშტაბური კომპანიების სამეულში შედის, ხოლო ფიქსირებულ, ოპტიკურ-სატრანსმისიო და CDMA/WiMax ტექნოლოგიებში პირველ ადგილზეა. 2010 წელს Huawei-ს მოგებამ 3.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიოს 50 უდიდესი მობილური ოპერატორებიდან 45 ჩინური გიგანტის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობს.”ჰუავეი” საქართველოში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამშრომლობს როგორც კომპანია ”სიქლნეტთან”, ასევე ქართულ მობილურ ოპერატორებთან.