"სტამბოლის პროცესის“ სახელწოდებით ცნობილი ქართულ-რუსული საექსპერტო დიალოგის მორიგი შეხვედრისას მხარეები ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისათვის საჭირო საკითხებზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულის შესახებ, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, შეხვედრის მონაწილე ექსპერტებმა გოგი ხუციშვილმა, ლადო პაპავამ და მამუკა არეშიძემ ისაუბრეს.
მათ შეკრებილ საზოგადოებას „სტამბოლის პროცესის“ ბოლო 16-17 ნოემბერის, შეხვედრისას ქართველ და რუს ექსპერტთა მიერ ერთობლივად მიღებული განცხადება გააცნეს.
„შეცვლილი გარემოებებისა და ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ასევე ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეები წინადადებით გამოდიან, რომ ურთიერთობათა ნორმალიზების მიმართულებით ღონიძიებები განხორციელდეს. ჩვენი საერთო აზრით, ამას, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ, კულტურისა და ეკონომიკის სფეროში მთელ რიგ პრობლემათა მოგვარება“, - ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულ სფეროებში მოსაგვარებელი საკითხებია გაწერილი.
კონკრეტულად კი, რუსი და ქართველი ექსპერტები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში - მეცნიერებისა და განათლების მოღვაწეთა შორის კავშირების აღდგენას, ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასა და ტურიზმის განვითარებას.
ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ექსპერტები თანხმდებიან, რომ უნდა მოხდეს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვებას, ხელი შეეწყოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის განვითარებას, ეგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ბიზნესწარმომადგენელთა მუდმივმოქმედი მრგვალი მაგიდის შექმნას.
რაც შეეხება პოლიტიკასა და უსაფრთხოების სფეროს, აქ ექსპერტთა აზრით, უნდა მოხდეს რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული პარლამენტთაშორისი და საექსპერტო კავშირების აღდგენა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტერორიზმთან და რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებთან ბრძოლას.
ქართველ და რუს ექსპერტთა შორის პირველი შეხვედრა 2008 წლის ნოემბერში, ომის შემდეგ მოხდა.
შეხვედრამ რეგულარური ხასიათი მიიღო და სახელად „სტამბოლის პროცესი“ ეწოდა, რადგან შეხვედრები თურქეთში, ქალაქ სტამბოლში რეგულარულად იმართება.
მორიგი შეხვედრა 2013 წლის დასაწყისშია ჩანიშნული.
რაც შეეხება შემუშავებულ დოკუმენტს, ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ მას მთავრობას გადასცემენ.