დღეს, პროკურატურაში ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე, გიორგი ქურდაძე დაიკითხება. გიორგი ქურდაძის ინტერესებს „კონსტიტუციის 42 დაიცავს.
„დაკითხვისას გიორგი ქურდაძე, სავარაუდოდ, დაასახელებს პირებს, ვინც უშაულოდ მონაწილეობდა დანაშაულის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით და მის მიმართ ბრალდების ფაბრიკაციით ქურდაძემ რამდენიმე თვე უკანონო პატიმრობაში გაატარა. გიორგი ქურდაძე მოითხოვს მომხდარი დანაშუალის სრულყოფილად გამოძიებას, უკანონო ბრალდებების მოხსნას მის მიმართ, მიყენებული ზიანის კომპენსაციას“, - აცხადებენ „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2004 წლის წლის 24 ნოემბერს, პატრულ-ინსპექტორებმა ბაშალეიშვილმა და აბუაშვილმა გააჩერეს დიდუბეში, პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდნენ გიორგი ქურდაძე, ამირან (ბუტა) რობაქიძე, ირაკლი მიქაბერიძე, აკაკი ბართაია, ლევან დაგნაძე და კახაბერ აზარიაშვილი.
„პატრულმა ინსპექტორმა ბაშალეიშვილმა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა რობაქიძე რა დროსაც იგი პოლიციელის ბრძანებით უნდა დაწოლილიყო ასფალტზე. მკვლელობისთანავე, შსს და პროკურატურის მაღალჩინოსნების დავალებით შემთხვევის ადგილზე მიტანილი იქნა დიდი ოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და დაიდგა სცენარი თითქოს და აღნიშნულ პირებს თან ჰქონდათ ეს იარაღი და საბრძოლო მასალები და წარმოადგენდნენ გარკვეულ საფრთხეს. გიორგი ქურდაძის და სხვა პირთა მიმართ სს საქმე სსკ 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებით განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და პირველი პროცესი მხოლოდ 8 წლის შემდეგ 2012 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.