ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ საქართველოში დაპატიმრებების სერია მასიურ ხასიათს მიიღებს, ეს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
„ჩვენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარესზე, რეფორმების თვალსაზრისით, თვლიდნენ და თვლიან წარმატებულ ქვეყანად. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით, რაც არ უნდა იყოს კრიტიკა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოზე ასეთი წარმოდგენა არსებობს და ამის შეცვლა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საზიანო იქნება. ის, რომ ყველა დამნაშავე იყო და ქვეყანაში, თურმე არაფერი კეთდებოდა, ასეთი წარმოდგენები თუ შევქმენით, ეს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს აუცილებლად დააზიანებს. მიმაჩნია, რომ სამართლიანობის განხორციელებაში საჭიროა სიფრთხილე და აუცილებელია, ამ დაპატიმრებების გარშემო არსებული ტემპერატურის დაწევა. ჯერ-ჯერობით, ამ დაკავებებს, ძალიან კატასტროფული ხასიათი არ მიუღია, მაგრამ საშიშროება არსებობს და ძალიან სიფრთხილეა საჭირო“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.