ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი დემურ გიორხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, ისინი ახალ მთავრობას საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირებას და დაუბეგრავი მინიმუმის ყველა კატეგორიის ადამიანებზე გავრცელებას სთავაზობენ, აცხადებს, რომ ეს კარგი წინადადებაა, თუმცა აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ გააფუჭა საქმე და ახლა, ამის გამოსწორებას ახალ ხელისუფლებას სთხოვს.
გიორხელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა კარგია, ეს 2013 წლისთვის ფიზიკურად ვერ განხორციელდება, რადგან შესაძლოა, ამ შემთხვევაში, მთავარი ვალდებულებებიც კი, საფრთხის წინაშე დადგეს.
„სამწუხაროა, რომ ამ განცხადებებს აკეთებენ, რადგან ეს ყველაფერი უკვე განხორციელებული იყო. ერთადერთი გონივრული წინადადება, რომელიც ბალცეროვიჩისგან იქნა მიღებული და გატარდა, სწორედ, ე.წ. ბრტყელი გადასახადის შემოღება ანუ საშემოსავლო გადასახადი ყველასთვის 12 % იყო. შემდეგ, იყო უაზრო ნაბიჯი, როდესაც აბსოლუტურად, ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, სოციალური გადასახადი უხეში ფორმით გაუქმებული იქნა და საშემოსავლო გადასახადი უაზრო პროცენტამდე გაიზარდა. დღესაც უაზროა, ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აგრეთვე, უმუშევრობის ძალიან დიდი დონის პირობებში, როდესაც მოსახლეობას შემოსავალი არ აქვს.
დიახ, ეს ძალიან კარგი წინადადებაა, რომელიც თვითონვე გააფუჭეს და ახლა ხელისუფლებას 18%-მდე საშემოსავლო გადასახადის დაწევას ოპოზიციური პოლიტიკური ძალის პოზიციიდან სთავაზობენ. ის, რომ საშემოსავალო გადასახადი უნდა შემცირდეს და შეიძლება ახლო მომავალში დიფერენცირებულიც კი იყოს, ე.წ. პროგრესული, მაგრამ გონივრულ საზღვრებში და 20% რომ არ უნდა დარჩეს, დიდი რაოდენობის მომსახურეთთათვის ეს თავისთავად, ცხადია. ეს კარგი წინადადებაა, მაგრამ თვითონ გააფუჭეს საქმე და ახლა, ამის გამოსწორებას სხვას სთხოვენ“, - განაცხადა გიორხელიძემ.