შესაძლოა, უახლოეს მომავალში, საპარლამენტო უმცირესობის რიგები კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს.
ამის შესახებ from.ge-ს სანდო წყარომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უმრავლესობა უმცირესობის ზოგიერთ წარმომადგენელთან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების მიზნით, კონსულტაციებს მართავს.
From.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც უმრავლესობის შეთავაზება მიიღო დეპუტატი - ანზორ ბოლქვაძეა, რომელიც მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო, ხოლო მერვე მოწვევის პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატია.
შეთავაზებაზე ბოლქვაძემ უარი განაცხადა და უფლებამოსილების შესრულება უმცირესობის რიგებიდან ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ უმცირესობის რიგები უკვე ექვსმა დეპუტატმა დატოვა, რომელთაც საპარლამენტო ფრაქცია ჩამოაყალიბეს. უმრავლესობას კი, უმცირესობის რიგების შეთხელება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით სურს.