მეორე დღეა რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა გრძელდება. ყვითელი ავტობუსის 54 მძღოლი სამუშაოდ დღეს დილითაც არ გასულა.
მძღოლები, 180-200 ლარიანი ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას, გაჩერებების მოწესრიგებას, ჯანმრთელობის დაზღვევას მოითხოვენ.
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით მსჯელობა შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც დეკემბრის ბოლოს რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დამტკიცდება.
მძღოლები კი, მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
მუმლაძის ინფორმაციით, მძღოლებსა და რუსთავის ვიცე-მერ დავით ჯაფარიძესთან მორიგი შეხვედრა დღეს 18:00 საათისთვის არის დანიშნული.
ცნობისთვის, რუსთავში მძღოლები გუშინ გაიფიცნენ.