კეტრინ ეშტონი შიშობს საქართველოსთან დაკავშირებით, „წარმატების კრიტერიუმი“ ცენტრალური აზიისთვის

კეტრინ ეშტონი შიშობს საქართველოსთან დაკავშირებით, „წარმატების კრიტერიუმი“ ცენტრალური აზიისთვის

მომავალ კვირას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, კეტრინ ეშტონი, საქართველოში გაემგზავრება მანამ, სანამ დაიწყებს თავის პირველ მნიშვნელოვან ტურს ცენტრალურ აზიაში (26-30 ნოემბერი). ცენტრალურ აზიაში ის აპირებს ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან შეხვედრას. „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტი ესაუბრა ეშტონს ევროკავშირის ცენტრალური აზიის სტრატეგიის მიზანზე, მის მიდგომაზე რეგიონში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, და გზავნილზე თბილისის ლიდერებისთვის საქართველოს პოლიტიკური ფიგურების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების ტალღის ფონზე.

თქვენი პირველი გაჩერება საქართველოა, სადაც უნდა შეხვდეთ როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს, ასევე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს. რა იქნება მათდამი თქვენი გზავნილი, განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების ფონზე?

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ვგულისხმობ დემოკრატიულ ტრანზაქციას, და მე ვეტყვი პრემიერმინისტრ ივანიშვილს, რომ ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ როგორც პრემიერმინისტრს, მას სურს საკუთარი ენერგიის მიმართვა მისი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისკენ, მაგრამ სჭირდება ასევე ფიქრი იმ საგარეოპოლიტიკურ გამოწვევებზეც, რომელიც მისი ქვეყნის წინაშე დგას, და რომ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს – განსაკუთრებით კი სამართლებრივ სფეროში – უნდა გაკეთდეს ღიად და გამჭვირვალედ. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, მე ვეტყვი მას, რომ მან შექმნა უკვე მისი მემკვიდრეობა საქართველოში გარკვეული თვალსაზრისით, და რომ მნიშვნელოვანია განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს საქართველოს წინსვლას იმ გზაზე, რომლისაც მას სჯერა, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობას ვგულისხმობ, რასაც, ჩემი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.

ცენტრალურ აზიაში თქვენ უნდა განიხილოთ ევროკავშირის ცენტრალური აზიის სტრატეგია პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. ბევრი კრიტიკოსისთვის, სტრატეგია საყიდლების დიდ სიას ჰგავს. ხომ არ აჯობებდა წარმატების საზომად კრიტერიუმების განსაზღვრა?

ის საყიდლების სიას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა პრობლემების მონიშვნას. მართალი ბრძანდებით, საბოლოოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ მივიღოთ წარმატების გარკვეული კრიტერიუმები. როგორ გვეცოდინება, რომ წარმატებულები ვართ? და ისევ, ნაწილი მიზეზისა, რატომაც ვხვდები მინისტრებს, არის ის, რომ შევძლოთ შევეცადოთ და ვიმუშაოთ მათი საშუალებით, მათთან ერთად, თუ რა გზებით და რომელ სფეროებში [შევძლებთ ჩვენ] ვიყოთ ყველაზე წარმატებულები თანამშრომლობაში. ჩვენ საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ, მაგალითად, სასაზღვრო საკითხებზე. მინდა მეტი ვიმუშაოთ განათლებაზე. გვინდა შევეცადოთ და მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას [და] ამ ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლას. და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილზე გვაქვს ის ზომები, ურთიერთობები და რესურსები, რითაც ამის გაკეთებას შევძლებთ.

დააყენებთ თუ არა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, და არსებობს თუ არა რაიმე გზა იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს უბიძგოთ იმისკენ, რომ უფრო დეტალურად დააკვირდნენ ადამიანის უფლებების საკითხებს?

ეს ყოველთვის არის ხოლმე ჩემი დიალოგის ნაწილი. და ეს ისე კეთდება, რომ გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. რას ნიშნავს ეს ქალებისთვის? რას ნიშნავს ეს ქალებისთვის არა მხოლოდ მათი პოლიტიკური უფლებების, არამედ ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით? სხვათა შორის, მე მჯერა, რომ ეკონომიკური სისტემები გაცილებით ქმედითია, როდესაც მასში ქალები მონაწილეობენ; როგორც წესი, ისინი გაცილებით წარმატებულები არიან. რას ნიშნავს ეს ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმა? რას ნიშნავს ეს რელიგიის თავისუფლებისთვის? რას ნიშნავს ეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის?.. და ჩემი დისკუსიებისთვის, დიალოგის ქვაკუთხედი იქნება ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ევროკავშირი ამ ქვეყნებთან მომავალში.

მაგრამ, გვაქვთ კი წითელი ხაზები? შეგიძლიათ თქვათ ის, თუ რისი გაკეთება არ შეუძლიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებს?

როდესაც ქვეყანასთან მუშაობ, შენ ხარ იზოლაციისა და თანამშრომლობის ზღვარზე – და მსოფლიოს ბევრ ადგილას, სადაც ვმუშაობთ, ჩვენ ამ ზღვარზე ვმოძრაობთ. პირადად მე მჯერა, რომ იზოლაცია ძალიან იშვიათად არის გამოსავალი. თანამშრომლობა გაცილებით უკეთესი გზაა წინსვლისთვის, მაგრამ თანამშრომლობა პრინციპების საფუძველზე. და ეს არის თანამშრომლობა იმისთვის, რომ შეეცადო და ხელი შეუწყო წინსვლას. ამას დრო სჭირდება და იოლი არ არის. ხშირად ეს ეხება ადამიანების დარწმუნებას, რომ რაღაცის კეთებისთვის არსებობს უკეთესი გზა, და ეს ეხება ასევე იმის პატივისცემასაც, რომ ეს ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს – ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ ჩვენს შეხედულებებს. არამედ ვემხრობით დიალოგს, დისკუსიას და სწორ პოლიტიკურ მუშაობას, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხელი შევუწყოთ წინსვლას იმ საკითხებში, რაც ჩვენთვის ძვირფასია.
foreignpress.ge